მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა აქამდეც იგეგმებოდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ეს პროცესი გადაიდო.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ექს-პრეზიდენტი 30 დეკემბერს, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს, სადაც სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს თბილისში დაკავების შემდეგ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს.
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებული სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში ეტაპირებას 27 დეკემბერს გეგმავდა, მაგრამ მაშინ მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების პროცესი დროებით შეჩერდა.
მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობა გახდა. ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც მისი რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანა დააპირეს.
მასმედია: სააკაშვილი რუსთავის ციხეში დააბრუნეს
როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, ექიმების დასკვნის თანახმად, ექს-პრეზიდენტი უკვე გამოჯანმრთელდა და ამიტომ პენიტენციურმა სამსახურმა მისი ციხეში ეტაპირების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, იმ დღეს გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდა, რადგანაც სააკაშვილი შეუძლოდ გახდა.
სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
წყარო: სპეციალური პენიტენციური სამსახური