პარლამენტმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი რეკორდული სისწრაფით მიიღეს.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი.
განხილვები რეკორდული სისწრაფით მიმდინარეობდა – საკომიტეტო მოსმენები 28 დეკემბერს დაიწყო. განხილვები კამათის ფონზე მიმდინარეობდა.
დღეს კი პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი ჯერ მეორე, საღამოს კი უკვე მესამე მოსმენითაც დაამტკიცა.
ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი პარლამენტის 7 წევრი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ცვლილებს მხარი დაუჭირეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა.
ოპოზიცია კანონპროექტს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას დასჯად აფასებს.

„დასრულდა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების განხილვა. ამ დროის განმავლობაში მოვისმინეთ ბევრი სპეკულაცია და მითი, რასაც კონკრეტული არგუმენტები, დროში გამოცდილი საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და სტრასბურგის სასამართლოს ღირებულებები დავუპირისპირეთ“, – განაცხადა საკითხზე მომხსენებელმა რატი იონათამიშვილმა.

ცვლილებების თანახმად, არსებული სამსახურის ნაცვლად შეიქმნება ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს თანამდებობის პირების დანაშაულებს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მონიტორინგს გაუწევს პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, მოსმენების საკითხს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილების გაფართოებას – სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამჟამად გამოსაძიებელი დანაშაულების გარდა, მას სისხლის სამართლის კოდექსის სხვა შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის, ასევე, პროკურორის გარდა, სხვა სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არის ჩადენილი.
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა >>
საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევა. გაუქმებული უწყების ბაზაზე შექმნილ ახალ სამსახურებში ის სპეციალისტებიც დასაქმდებიან, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ახლა მუშაობენ.
კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ 2018 წელს მიიღეს. ახალ უწყებას დაევალა პერსონალური მონაცემების დაცვა, ასევე გარკვეული სახის დანაშაულების გამოძიება.