COVID-19 - ბოლო ცნობები

ქვეყანაში „ომიკრონის" გავრცელება იმატებს – გამოვლენილია 90-ზე მეტი შემთხვევა

„ომიკრონ" შტამისთვის დამახასიათებელი სწრაფი გავრცელების გამო ეპიდემიოლოგები პანდემიის მეექვსე ტალღას იანვრის თვეში ელოდებიან.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში დღეისათვის კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის 93 შემთხვევაა გამოვლენილი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე შემთხვევების უმრავლესობაზე დამყარებულია ეპიდმეთვალყურეობა და ცნობილია გადაცემის ჯაჭვი, თუმცა, როგორც კი ქვეყანაში შიდა გადაცემა დაიწყება, ახალი შტამი სწრაფად გავრცელდება.

„ჩემი რჩევაა – ახალ წელს მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ვიწრო წრეში შევხვდეთ, აუცილებლად გვქონდეს პირბადე, სადაც კი უცხო ადამიანებთან შეხვედრის ალბათობაა. პირველი და ძირითადი, ვიყოთ აცრილები, რათა ვიყოთ დაცულები“, – განაცხადა მან.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
პანდემიის დასრულების თარიღი ცნობილია: რა მოხდება საქართველოს შემთხვევაში
ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის" შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ამ დროისთვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. სპეციალისტების თქმით, ამ შტამით შესაძლოა დაინფიცირდნენ როგორც კოვიდგადატანილი, ისე ვაქცინირებული ადამიანები.