თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის №12 ციხეში ეტაპირების გადაწყვეტილება მიღებულია სახელმწიფო კონსილიუმის ჩართულობის გარეშე, ხოლო სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფს აღნიშნული გადაწყვეტილების მონიტორინგის შესაძლებლობაც არ მიეცა, ნათქვამია საქართველოს ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში წუხელ დააბრუნეს. მის მიერ დაფუძნებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ ეს მისი ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა.
„2021 წლის 30 დეკემბერს პატიმრის N12 დაწესებულებაში დაბრუნების შემდგომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ორჯერ სცადეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა და გასაუბრება. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოიპოვეს სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე გაესაუბრნენ დაწესებულების ექიმსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც დააფიქსირეს, რომ ეტაპირების პროცესში არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ექსპერტთა ჯგუფის წევრთა ნაწილის დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ჯგუფის სრულად შეკრება ამ ეტაპისთვის ვერ ხერხდება. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ჯგუფი ეცდება, რომ უახლოეს პერიოდში სრულყოფილად შეისწავლოს პაციენტის სამედიცინო სტატუსი და მისთვის დანიშნული მკურნალობის ადეკვატურობა.
სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, ექს-პრეზიდენტი რუსთავის ციხეში ეტაპირებისას ძალით ჩასვეს ინვალიდის ეტლში. მსჯავრდებულს წინააღმდეგობის გასაწევად ძალა არ ეყო, რადგან, გვარამიას თქმით, მას დიდი დოზით ფსიქოტროპული პრეპარატები მისცეს.
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებული სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში ეტაპირებას 27 დეკემბერს გეგმავდა, თუმცა მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების პროცესი დროებით შეჩერდა. მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობა გახდა. როგორც თავად სააკაშვილმა განაცხადა, მან წინააღმდეგობა გაუწია იმ პირებს, ვინც ჰოსპიტლიდან მის გაყვანას ცდილობდა, ამ დროს კი გონება დაკარგა.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც სააკაშვილმა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა, ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს, სადაც სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი გამოჯანმრთელდა და მისი ციხეში დაბრუნება უკვე შესაძლებელია.
სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.