მსოფლიო დღეს

ვიდეო: კოვიდ-შეზღუდვების დამრღვევები „სირცხვილის დერეფანში“ გაატარეს

Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსული შეზღუდვების ოთხი დამრღვევი, რომლებიც საკარანტინო ღონისძიებებს არ დაემორჩილნენ, საჯაროდ შეარცხვინეს და ქალაქში მოწყობილ „სირცხვილის დერეფანში“ გაატარეს, იუწყება Daily Mail-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ჩინეთის ქალაქ ძინსიში მოხდა.
პოლიციელებმა ქიმიური დაცვის კოსტიუმებში ჩაცმული დამრღვევები ჯერ „სირცხვილის დერეფანში“ გაატარეს, შემდეგ კი ღორებისთვის განკუთვნილ სატვირთოში ჩასხეს და სადღაც წაიყვანეს.
ამასთან „შერცხვენილებს“, რომლებსაც სპეცტანსაცმელში სახე არ უჩანდათ, გულზე საკუთარი გადიდებული ფოტოები ეკიდათ — სახელებითა და გვარებით.
თითოეულ მათგანს ასევე სპეცკოსტიუმში გამოწყობილი ორი პოლიციელი მიაცილებდა, ხოლო ქუჩის გასწვრივ შეიარაღებული სამართალდამცველების კორიდორი იდგა.
აღინიშნება, რომ საჯარო შერცხვენის პრაქტიკა ჩინეთში საკმაოდ გავრცელებული მოვლენა იყო, თუმცა 2010 წელს, უფლებადამცველების ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, ეს წესი გაუქმდა.
მიუხედავად ამისა, პანდემიური წესების დარღვევების გამო საჯაროდ შერცხვენის პრაქტიკა კვლავ აქტიური გახდა.
წყარო: Daily Mail