თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის შტამ „ომიკრონს“ COVID-19-ის წინა ტალღებთან შედარებით 75%-ით ნაკლები სიკვდილიანობა ახასიათებს, წერს გამოცემა The Telegraph სამხრეთ აფრიკის ინფექციურ დაავადებათა კვლევითი ინსტიტუტისა და პრეტორიის უნივერსიტეტის მკვლევარებზე დაყრდნობით.
მეცნიერები აკვირდებოდნენ პროვინცია ჰაუთენგის ქალაქ ცვანის ჰოსპიტალში მოთავსებულ პაციენტებს, რომელიც არის სწორედ ახალი შტამის აფეთქების ეპიცენტრი.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ „ომიკრონით“ ჰოსპიტალიზებულების 4,5% გარდაიცვალა, მაშინ, როცა კორონავირუსის წინა ტალღებისას ეს მაჩვენებელი 21,3%-ს აღწევდა.
გარდა ამისა, მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ჟანგბადის თერაპია მხოლოდ ჰოსპიტალიზებულების ნახევარზე ნაკლებს დასჭირდა იმ დროს, როცა სხვა შტამების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 99,5%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება ინტენსიურ თერაპიას, „ომიკრონის“ შემთხვევაში ეს მაჩვენებელიც ბევრად დაბალია – 1%. და ეს მაშინ, როცა წინა შტამებისას ასეთი დახმარება ავადმყოფების 4,3%-ს სჭირდებოდა.
დადგინდა ისიც, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტები საავადმყოფოდან საშუალოდ ოთხი დღის შემდეგ ეწერებოდნენ, ხოლო წინა შტამებით დაავადებულები — 8,8 დღის შემდეგ.
მეცნიერების ვარაუდით, „დაავადებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები სრულად გაიმიჯნება“, რაც ეპიდემიას დაასრულებს და ენდემური ფაზა დადგება.
წყარო: The Telegraph