თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ნაძალადევის რაიონში, ქუთათელაძის ქუჩის N54-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ასევე აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 30 დეკემბერს, საღამოს 21:00 საათიდან 31 დეკემბრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება დედაქალაქის ორ რაიონს.
კერძოდ, უწყლოდ დარჩება ნაძალადევის და გლდანის რაიონების გარკვეული ქუჩების მოსახლეობა.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.