ტოკიოში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება

ფესტივალზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება როგორც ქართული კინოკლასიკა, ისე თანამედროვე ფილმები იხილოს.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 2022 წლის 29 იანვრიდან 25 თებერვლამდე პერიოდში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში მაყურებელი როგორც ქართულ კინოკლასიკას, ისე თანამედროვე ფილმებს იხილავს. პროგრამაში სულ 30 ფილმია.

„ფესტივალის კურატორია ტაკეჰიდე ჰარადა, რომელსაც წიგნიც აქვს დაწერილი ქართულ კინემატოგრაფიაზე. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტოკიოს ერთ-ერთ საუკეთესო კინოთეატრს – ივანამი-ჰოლს, სადაც არაერთხელ მოწყობილა ქართული ფილმების რეტროსპექტივა", – ნათქვამია ინფორმაციაში.

კინოცენტრის ცნობით, ჰარადა ქართული ფილმების შერჩევის მიზნით რამდენჯერმე ესტუმრა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალებს.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის ქალაქებმა კიოტომ, ოსაკამ, იოკოჰამამ და ტაკასაკიმ ასევე გამოთქვეს რეტროსპექტივის მასპინძლობის სურვილი.
ქართული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალის გამარჯვებულია
ქართული კინოს ფესტივალი იაპონიაში პირველად 2018 წელს ჩატარდა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისა და ქართული კინოს 110 წლის იუბილეს მიეძღვნა.