თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. 2021 წლის დასაწყისიდან 11 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 13,8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია, ნათქვამია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
ოპერატორის მონაცემებით, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ელექტროენერგიის საკუთარმა გამომუშავებამ 11,5 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 9,5 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 1,8 მლრდ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 78,4 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.
საქართველოში მიმდინარე წლის განმავლობაში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე.
მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 1,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, მათ შორის რუსეთიდან 1,1 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი, თურქეთიდან – 161,2 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან კი 528,8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.
საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტმა შეადგინა 390,9 მლნ კვტ/სთ.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.