საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია დამთვალიერებლებისთვის იხსნება

მსურველები პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში გასეირნებასა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებას შეძლებენ.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის – ორბელიანების სასახლის ეზო დამთვალიერებლებისთვის იხსნება.
ორბელიანების სასახლის ეზო ყველა მსურველისთვის 31 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გაიხსნება, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსურველებს საღამოს 18:00 საათიდან 22:00 საათამდე საახალწლოდ ჩიჩილაკებით მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს დათვალიერებისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცემათ.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს, გისურვებთ სიხარულსა და ბედნიერებას!“ – ნათქვამია განცხადებაში.

ორბელიანების სასახლე ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციად იქცა 2019 წლიდან, მას შემდეგ, რაც 2018 წლის 16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. მან უარი თქვა ავლაბრის რაიონში მდებარე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას აღდგენილ პრეზიდენტის სასახლეში გადასვლაზე.
რეზიდენციის ფართობია 6 ათასი კვადრატული მეტრი. შენობის შესაკეთებლად დაახლოებით 10 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.