პარლამენტმა სასამართლო რეფორმა პირველი მოსმენით დაამტკიცა

ახალი კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეების მიმართ სანქციები ფართოვდება
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ცვლილებების განხილვა კანონში „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“.
დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მოიწონა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც მკაცრდება კონტროლი მოსამართლეებზე და ფართოვდება მათ მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენების შესაძლებლობები.
ცვლილებების ავტორები არიან დეპუტატები მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა კანდიდატების, რომლების კონკურსს გამოეთიშნენ, სხვა ვაკანტურ ადგილებზე დანიშვნას შეძლებს.
კანონპროექტის მიხედვით, დასაშვები ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ზედიზედ მეორე ვადით არჩევა, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას კვორუმი ორი მესამედიდან მარტივ უმრავლესობამდე შემცირდება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე იქნება უფლებამოსილი, ჩამოაცილოს საქმეს საერთო სასამართლოს მოსამართლე, თუ მან დაარღვია ქცევის ნორმები, ან თუ არსებობს ასეთი ვარაუდი, ან თუ მას ბრალს უყენებენ.
ცვლილებების შედეგად კანონში გაჩნდება „დამოუკიდებელი ინსპექტორის“ ცნება. ამ თანამდებობის პირი მოსამართლეთა მიერ დისციპლინური დარღვევების ფაქტებს გამოავლენს.
საქართველოში ახალი სასამართლო რეფორმა იგეგმება: პარლამენტი ახალ კანონპროექტს იხილავს >>
კანონპროექტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მოსამართლეს პროცესზე საკუთარი აზრის გამოხატვის გამოც, რომელიც, დამოუკიდებელი ინსპექტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვალსაზრისით, არ იქნება გაწონასწორების ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის კრიტერიუმების შესაბამისი.