თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის მეცხრე დღეს სამი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.
პარტიის ოფისთან 12 კარავია გაშლილი, სადაც ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერი 300-მდე ადამიანი შიმშილობს.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, საავადმყოფოში რამაზ კერეჭაშვილი, ემზარ შუბლაძე და გოჩა ინასარიძე გადაიყვანეს. დანარჩენი მოშიმშილეები პროტესტის უკიდურეს ფორმით გამოხატვას ამ დრომდე აგრძელებენ.
„დღეს შიმშილობის მეცხრე დღეა. 300-მდე ადამიანი შიმშილობას აგრძელებს, მათგან რამდენიმე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. რაც შეეხება სხვა მოშიმშილეებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ.
21 დეკემბერს, სააკაშვილის დაბადების დღეზე გამართულ საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივ შიმშილობას იწყებენ. მისი თქმით, შიმშილობა იქნება უვადო და არ შეწყდება მანამ, სანამ ექს-პრეზიდენტი ციხიდან არ გათავისუფლდება.
მანამდე ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ლიდერებს შიმშილობის დაწყება თავად სააკაშვილმა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. აღნიშნული ინფორმაცია „ნაცმოძრაობაში“ უარყვეს.
ამ დროისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო კურსს გადის. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მომხრეები პერმანენტულ აქციებს მართავენ.