თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად და ბომბარდირად თბილისის „დინამოს“ ფორვარდი ზორან მარუშიჩი დასახელდა. სერბმა ლეგიონერმა ლიგის 36 მატჩში 16 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.
მარუშიჩმა ასევე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერის პრიზიც მიიღო.
საუკეთესო მწვრთნელის ტიტული გია გეგუჩაძემ მოიპოვა. ისტორიაში პირველად ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა შავი ზღვის კლუბი საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებამდე მიიყვანა.
სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები ბათუმის „დინამოს“ მოთამაშეები გახდნენ:
საუკეთესო მეკარე - ლაზარე კუპატაძე
საუკეთესო მცველი - ირაკლი აზაროვი
საუკეთესო ნახევარმცველი - სანდრო ალთუნაშვილი
საქართველოს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები:
მეკარე - ლაზარ კუპატაძე („დინამო“ ბათუმი)
მცველები - გრიგოლ ჭაბრაძე, მამუკა კობახიძე, ირაკლი აზაროვი (ყველა ბათუმის „დინამო“), საბა ხვადაგიანი („დინამო“ თბილისი)
ნახევარმცველები - ირაკლი ბიძინაშვილი და ნიკა გაგნიძე (ორივე გორის „დილა“), სანდრო ალთუნაშვილი და ჯაბა ჯიღაური (ორივე ბათუმის „დინამო“)
თავდამსხმელები - ზორან მარუშიჩი („დინამო“ თბილისი), გიორგი ფანცულაია („დინამო“ თბილისი).
COVID-19-ის პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა.