უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში გრანდიოზული მეჯლისი გუშინ გაიმართა, რომელშიც მოცეკვავეთა 200-მდე წყვილი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მონაწილეობდნენ. მეჯლისის ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰპოვა და ადამანების აღფრთოვანება გამოიწვია.
მეჯლისის აღდგენის საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ცნობილია, რომ დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძის და მისი მემკვიდრეების ინიციატივით, ევროპის დიდი სასახლეების მსგავსად, ზუგდიდშიც მთავრისეულ რეზიდენციაში ტრადიციული საშობაო მეჯლისი ტარდებოდა. ეს მოვლენა იმდროინდელი საქართველოს ულამაზეს სანახაობას წარმოადგენდა. დღესასწაულზე დედოფლისა და მისი შვილების თანხლებით მოსახლეობა ბენგალური ცეცხლისა და ფოიერვერკების შოუსაც ესწრებოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი ტრადიცია მოიშალა.
„მძიმე მდგომარეობაში იყო უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეც. 2019 წელს ფონდმა „ქართუმ“ ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა, რის შედეგადაც სასახლეში სრულად აღდგა სამეჯლისო დარბაზი და თითქმის საუკუნოვანი პაუზის შემდეგ უნიკალური დარბაზი მოცეკვავეებს პირველად მასპინძლობს“, - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
წლევანდელი ღონისძიების სცენარი საქართველოს ხელოვნების სასახლემ (კულტურის ისტორიის მუზეუმმა) საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადა. მეჯლისის სატელევიზიო გადაღებას ხელმძღვანელობდა პროდიუსერი ნოე სულაბერიძე თავისი გუნდით, ხოლო ორგანიზებას უწევდა ანი პირველი.
მეჯლისი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შობის ღამეს გავა.
საახალწლო განათება და დეკორაციები რეზიდენციაში და მის ტერიტორიაზე საახალწლო ზეიმის დასრულებამდე დარჩება.
უკვე დღეიდან, 29 დეკემბრიდან ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება მოინახულოს საშობაოდ მორთული დადიანების სასახლის ეზო და თავად სასახლე სამეჯლისო დარბაზის ჩათვლით.