თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი ახალი კონკურსი გამოაცხადა.
ახალი კონკურსის ჩატარება საჭირო გახდა, რადგან ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის და ცესკოს ორი წევრის უფლებამოსილება 2 თებერვალს იწურება.
მსურველთა განაცხადების და დოკუმენტების მიღება 11 იანვრამდე გაგრძელდება, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი კომისია ყველა კანდიდატურას განიხილავს და პარლამენტში წარსადგენად თითოეულ პოსტზე სამ-სამ კანდიდატურას შეარჩევს.
გასულ კვირაში დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, თუ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დეპუტატების ორი მესამედის (100 ხმა და მეტი) მხარდაჭერას ვერ მიიღებს, გაიმართება ხელახალი კენჭისყრა, სადაც მის ასარჩევად მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) იქნება საკმარისი.
ცვლილების ინიციატორების თქმით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლის გადაწყვეტილება ნაკარნახევია იმ სირთულეებით, რაც დეპუტატებს შეექმნათ ამ პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის ახალი კანონმდებლობით არჩევისას.
აგვისტოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება მხოლოდ ექვსი თვით შეძლო და მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდაჭერა მიიღო.