თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. 12 წლის ბიჭს, რომელმაც საშობაო საჩუქრად Mensa-ს ტესტი მოითხოვა, ალბერტ აინშტაინზე მაღალი IQ აღმოაჩნდა, იუწყება Bristol Post-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ბრისტოლში მცხოვრებ ბარნაბი სუინბერნზე, რომელმაც ამ საერთაშორისო ტესტში, რომელიც გონებრივი განვითარების კოეფიციენტსა და ლოგიკურ და სივრცით აზროვნებას აფასებს, 162 ქულა აიღო.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ქულათა მაქსიმუმია 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
რაც შეეხება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფიზიკოსს ალბერტ აინშტაინს, როგორც ცნობილია, მისი IQ 160 ქულა იყო.
ტესტის შემდეგ ბარნაბი Mensa International-ის საზოგადოებაში მიიღეს. ეს არის ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია, რომელიც უმაღლესი ინტელექტის მქონე ადამიანებს აერთიანებს.
მედიის ინფორმაციით, ბარნაბის IQ უფრო მაღალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის 99%-ს. მსოფლიოს მასშტაბით ამ მაჩვენებლის საშუალო დონე 100 ქულაა.
„ვიცოდი, რომ ჭკვიანი იყო, მაგრამ თავად გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავი შეემოწმებინა და ამიტომაც შეგვიკვეთა საჩუქრად მენსის ტესტი“, — ამბობს ვუნდერკინდის დედა გისლენ სუინბერნი.
როგორც ირკვევა, Mensa-ს ტესტის გარდა, ბარნაბის საშობაო საჩუქრად კრიპტოვალუტის მიღებაც სურდა. ამიტომ კონვერტით მიღებული ნაჩუქარი თანხით ციფრული ვალუტა შეიძინა.
თუმცა ოჯახი არ აკონკრეტებს, რა რაოდენობის თანხაზე და რომელ კრიპტოვალუტაზეა საუბარი.
ამასთან აღინიშნება, რომ ბარნაბი ერთადერთი მოზარდი არ არის, ვისაც ესოდენ მაღალი IQ აქვს. მაგალითად:
ბელგიელი ლორან სიმონსის მაჩვენებელი 145 ქულაა. ის 11 წლის იყო, როდესაც ეინდჰოვენის უნივერსიტეტი დაამთავრა. ახლა ბიჭუნა ოცნებობს, რომ ადამიანები უკვდავი გახადოს.
10 წლის მექსიკელი ადარა პერეს სანჩესის IQ 162 ქულაა. ის კოსმონავტობასა და მარსის კოლონიზაციაზე ოცნებობს.
12 წლის ამერიკელი კალებ ანდერსონი ორი წლის შემდეგ დაამთავრებს ტექნიკურ კოლეჯს და აეროკოსმოსური ინჟინრის დიპლომს მიიღებს. გენიოს ბიჭუნას ილონ მასკის კომპანიებში სურს სტაჟირების გავლა.
12 წლის ელენა ვიკერი არიზონის უნივერსიტეტში სწავლობს და სურს, რომ 16 წლამდე გახდეს NASA-ს ინჟინერი.
და, ბოლოს, 13 წლის ინდოელი გაჯეშ ნაიკი — მერვე კლასის მოსწავლე, რომელიც უამრავი კრიპტოინვესტორის მილიონებს განაგებს. მან შექმნა კომპიუტერული დანართი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიტკოინებსა და ალტკოინებში სურთ ფულის დაბანდება.
წყარო: Bristol Post