„ხეთის მანდარინს“ გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულის სტატუსი მიენიჭა

ხობის მუნიციპალიტეტში წარმოებული მანდარინის განსაკუთრებულობა სახელმწიფოს მიერ დადასტურდა.
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს კიდევ ერთი გეოგრაფიული აღნიშვნა – „ხეთის მანდარინი“ დაემატა, ნათქვამია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტის“ ინფორმაციაში.
გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით „საქპატენტში“ განაცხადი ასოციაცია „ხეთის მანდარინმა“ შეიტანა.
უწყების ცნობით, ხეთის მანდარინის განსაკუთრებულობა, უნიკალურობა და მაღალი ხარისხი განპირობებულია რიგი ფაქტორებით. ციტრუსოვანთა ბაღები გაშენებულია ურთის მთის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან საშუალოდ 30-80 მეტრ სიმაღლეზე.
„სპეციფიკაციების მიხედვით, „ხეთის მანდარინი“ ოქროსფერ-ყვითელია, რომელიც სიმწიფესთან ერთად გადადის ნარინჯისფერში. აქვს განსაკუთრებული გემო: გამახალისებელი მომჟავო-მოტკბო, დაბალანსებული შაქრიანობა–მჟავიანობის თანაფარდობით და მკაფიოდ გამოხატული არომატით”, – აღნიშნულია განცხადებაში.
„მუხურის თაფლი“ გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალში შევიდა
გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს იმისათვის, რომ აღიარებული იქნეს როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გეოგრაფიული აღნიშვნა „ხეთის მანდარინი“ გამოიყენება „უნშიუ“ (C. Unshiu Marc.) ჯიშის მანდარინისთვის, თუმცა ქართული მანდარინებისათვის ძველი სახელწოდება „იაპონური მანდარინი“ აღარ გამოიყენება. ამის საფუძველია იაპონიაში Unshiu მანდარინებზე ჩატარებული კვლევა, რომლის შედეგად დადასტურდა, რომ Unshiu მანდარინის თვისებებისა და საქართველოს აგროკლიმატური ფაქტორების ხანგრძლივმა ზეგავლენამ მანდარინის თავისებური ადგილობრივი ფორმები შექმნა. ტექნოლოგიების გამოყენებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არა მხოლოდ მანდარინის ნარგავების ფართობების გავრცელებაში, არამედ მისი ხარისხის გაუმჯობესებაში.
„ხეთის მანდარინის“ გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალში შეყვანა იმას ნიშნავს, რომ მისი განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები და რეპუტაცია აღიარებულია სახელმწიფო დონეზე.