თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მუშაობს ღამის კლუბების მფლობელებთან საერთო შეთანხმების მისაღწევად, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ღამის კლუბების მფლობელები, მიუხედავად აკრძალვისა, კორონავირუსის წინააღმდეგ უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ღონისძიებების გამართვას მაინც აპირებენ, ხოლო სანქციების შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
„ცხადია, კონსულტაციები აქამდეც იყო და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს იმისთვის, რომ ჩვენ გარკვეულ კონსენსუსამდე მივაღწიოთ. დინამიკა იცით ახალი ვირუსის განვითარების, ამიტომ ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მათთან, რათა მივაღწიოთ გარკვეულ კონსენსუსს", – განაცხადა ღიბრაძემ.
ჯერ კიდევ 7 დეკემბერს საქართველოს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ ღამის კლუბების ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი მუშაობის განახლებას 16-17 დეკემბერს შეძლებდნენ. მაგრამ ღამის კლუბების მფლობელებს, რომლებიც ობიექტების გასახსნელად უკვე მზად იყვნენ, 10 დღის შემდეგ აცნობეს, რომ გახსნა უნდა გადაედოთ.
ზოგიერთი კლუბის მფლობელი არ დაეთანხმა ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას და დაანონსებული ღონისძიება არ გააუქმა. მთავრობაში კი აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ" შტამის გავრცელება დაასახელეს.
თავის მხრივ, ღამის კლუბების მფლობელები ირწმუნებიან, რომ მათი მიზანია არა მხოლოდ დაწესებულებების გახსნა, არამედ მათი უსაფრთხოდ ფუნქციონირება.
ღამის კლუბები საქართველოში 2020 წლის მარტში დაიხურა, მალევე მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა (26 თებერვალი). მას შემდეგ მათ არც ერთი დღე არ უმუშავიათ. ეპიდემიოლოგები და იმუნოლოგები ღამის კლუბების გახსნას ჯერჯერობით არ ემხრობიან.