მობილურზე აკრიფეთ *303# და შეამოწმეთ დენის, გაზისა და წყლის გადასახადი

იმისათვის, რომ კომუნალური გადასახადების გადახდის ბოლო ვადა არ გამოტოვონ, აბონენტებმა შესაბამის კომპანიებს თავისი მობილური ტელეფონის ნომრები უნდა მიაწოდონ.
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (GNERC) მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას ახალი ფუნქცია დაემატა, რომელიც აბონენტებს შესაძლებლობას მისცემს გადაამოწმონ რამდენად სწორად აქვთ დარიცხული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების გადასახადი.
GNERC-ს ინფორმაციით, ახალი ფუნქციის წყალობით მომხმარებელს აღარ დასჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლ-ცენტრთან დაკავშირება. იგი *303#-ის საშუალებით მარტივად და მოკლე დროში მიიღებს კომუნალური კომპანიისგან განმარტებას. დარიცხვის გადამოწმება მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია.
*303#-ის ახალი ფუნქციის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის კომუნალურ კომპანიასთან კომუნიკაციის გამარტივება, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
USSD კოდით – *303# სარგებლობა შეუძლიათ MagtiCom-ის, Silknet-ისა და Beeline-ის აბონენტებს. მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას, სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის, მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
გარდა დარიცხვის გადამოწმებისა, აღნიშნული ფუნქციით შესაძლებელია კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება. მათ შორის, მომხმარებელს შეუძლია მობილურ ტელეფონში *303#-ის აკრეფით დააფიქსიროს: ავარიული წყვეტა – ოპერატიული რეაგირებისთვის; მომარაგების პრობლემა – დაბალი წნევა, ძაბვის ციმციმი, ხშირი წყვეტა და ასევე მიიღოს ელექტრონული ქვითარი და მიმდინარე ბალანსი, ამასთან დაამატოს მობილურის ნომერი სასურველ აბონენტის ნომერზე ან წაშალოს არასასურველი.
15 დეკემბრიდან საქართველოს მოსახლეობა კომუნალურ გადასახადებზე ელექტრონულ ქვითრებს მიიღებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 15 დეკემბრიდან ელექტრონული ქვითრების სავალდებულო რეგულაცია აამოქმედა.
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლები კომუნალურ სერვისებზე ელექტრონულ ქვითრებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms-ით) მიიღებენ იმ მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც დაფიქსირებული აქვთ შესაბამისი კომუნალური მომსახურების კომპანიაში.
ასევე, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, ელექტრონული ქვითრის მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებითაც. ელექტრონული ქვითარი, მომხმარებლის მიერ გადასახდელ თანხასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე მოიცავს ბმულს, რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია სამი წლის განმავლობაში. მისი გადმოწერა მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს PDF ან/და JPG ფორმატში.
ბეჭდური ქვითრისგან განსხვავებით ელექტრონული ქვითრის არმიღების ან წაშლის შემთხვევაში *303# სერვისის მეშვეობით შესაძლებელია როგორც აღნიშნული ქვითრის ხელმეორედ გამოთხოვა, ისე ბალანსის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მიღება.