თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ" ახალი წლისა და შობის დღესასწაულებთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო დღეიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა.
როგორც კომპანიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები 28, 29, 30 და 31 დეკემბერს, ასევე 2, 6, 9, 10 და 11 იანვარს დაინიშნა.
მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 10:30 საათზე გავა, ბათუმში იქნება 16:09 საათზე. ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გამოვა 18:20 საათზე და თბილისში ჩამოვა 23:52 საათზე.
რკინიგზის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ ძალაში რჩება COVID-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები. კერძოდ, მგზავრს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა.
გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.
ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.
„საქართველოს რკინიგზამ" სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 27 თებერვლიდან აღადგინა, როდესაც მოიხსნა 2020 წლის ნოემბერში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო საქალაქთაშორისო სამგზავრო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები.