თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, უკვე ინიცირებულია და საქართველოს პარლამენტი მის განხილვას დაჩქარებული წესით იწყებს.
კანონპროექტი, რომლის ინიციატორები არიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები, ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი უწყების – სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის შექმნას.
სამშაბათს კანონპროექტს პარლამენტის სამი კომიტეტი განიხილავს.
„ამ კანონპროექტს ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განვიხილავთ, შემდეგ კი წამყვანი კომიტეტის სტატუსით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა მკვეთრად უარყოფითი შეფასება მიიღო არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან, არამედ საპარლამენტო ოპოზიციაშიც. ოპოზიციამ აღნიშნული ინიციატივა შეაფასა როგორც დისკრიმინაციული და დამოუკიდებელი უფლებადამცველი ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული.
თუმცა, როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, საუბარია არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, არამედ მის რეფორმაზე – ფაქტობრივად ერთი სამსახური შეიცვლება ორით, ხოლო საგამოძიებო უწყების უფლებამოსილება გაფართოვდება.
კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ 2018 წელს მიიღეს. ახალ უწყებას დაევალა პერსონალური მონაცემების დაცვა, ასევე გარკვეული სახის დანაშაულების გამოძიება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო იძიებს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირების მხრიდან წამების, არაადამიანური მოპყრობის, წამების მუქარის, დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებს.
გარდა ამისა, სამსახურის კომპეტენციაში შედის ძალის ან იარაღის გამოყენებით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოძიება.