COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე: შეიძლება „ომიკრონი" პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს

„ომიკრონის" შტამით საქართველოში 63 ადამიანია დაინფიცირებული.
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ერთ-ერთი თეორიაა, რომ შეიძლება „ომიკრონი" პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ამ თეორიის საფუძველს სამხრეთ აფრიკის მაგალითი იძლევა, სადაც „ომიკრონით" ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
გამყრელიძის განცხადებით, სამხრეთ აფრიკაში ინფიცირებულთა მაჩვენებლის კლება შეიმჩნევა.
მან აღნიშნა, რომ ვაქცინირებულებს „ომიკრონი" ბევრად იოლად გადააქვთ, ასევე არავაქცინირებულებშიც ჯერჯერობით მსუბუქი მიმდინარეობაა. ახალი შტამის სწრაფი გავრცელება კი ნიშნავს, რომ შეიძლება საერთო კუმულაციური იმუნური ფენა უფრო სწრაფად ჩამოყალიბდეს ქვეყანაში.

„ერთ-ერთი თეორიაა, რომ შეიძლება „ომიკრონი" პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს. მაგრამ მარტივად ნუ შევხედავთ, ის მოდის „ცუნამივით", ძალიან დიდი რაოდენობით და შეიძლება ჯანდაცვაზე დიდი ზეწოლა მოახდინოს", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში „ომიკრონის" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
ამ დროისათვის კორონავირუსის „ომიკრონის" შტამით საქართველოში 63 ადამიანია დაინფიცირებული.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ქვეყანაში „ომიკრონის" გავრცელება იმატებს – გამოვლენილია 63 შემთხვევა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა. ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის" შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 928.030 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 888.022 ადამიანი, გარდაიცვალა 13.646 პაციენტი.