საბაჟო-გამშვები პუნქტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

„სარფის“ საბაჟოზე სატვირთო ავტომობილების რეკორდული რაოდენობა გაატარეს.
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში საბაჟო-გამშვები პუნქტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“.
საგანგებო რეჟიმში, მაგრამ სრული დატვირთვით მუშაობს „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტიც, რადგან საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების ავტომობილების მძღოლები რთული მეტეოროლოგიური ვითარების თავიდან ასაცილებლად საზღვრის კვეთის პროცედურების განხორციელებისთვის სწორედ „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტს ირჩევენ, აღნიშნავენ უწყებაში.
აღნიშნული პუნქტის გავლით ყოველდღიურ რეჟიმში დაახლოებით 600-მდე სატვირთო ავტომობილის გატარება ხდება. 26 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა გაატარეს თურქეთიდან მომავალი 750-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საგრძნობლად გაზრდილია საერთაშორისო ტვირთბრუნვის წლიური მაჩვენებელი, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობს სრული დატვირთვით. საერთაშორისო ტვირთების გადამზიდავი ავტომობილების უსაფრთხო გატარების პროცესის მონიტორინგი საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით მიმდინარეობს.
წყარო - შემოსავლების სამსახური.