თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება 2022 წლიდან ეტაპობრივად მოხდება, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
ხმალაძის ინფორმაციით, უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შესაძენად 5 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ვიცე-მერის განცხადებით, მომავალ წელს ფართებით 65 ოჯახი დაკმაყოფილდება. ერთ ოჯახზე კი საშუალოდ, 25 ათასი აშშ დოლარია გათვალისწინებული.
„შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში იყოს მეტი, შეიძლება იყოს ნაკლები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის მუნიციპალიტეტის ქონება, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაეცემა უსახლკაროს სტატუსის მატარებელს“, - განაცხადა ხმალაძემ.
ვიცე-მერის განმარტებით, უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება რიგითობის პრინციპით მოხდეს.
ამასთან, როგორც ხმალაძემ განაცხადა, თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს ექნებათ სხვა იდეა, წარადგინონ და შესაძლებელია პროგრამაში გარკვეული ცვლილები შევიდეს.