COVID-19 - ბოლო ცნობები

ქვეყანაში პანდემიის მეექვსე ტალღა, სავარაუდოდ, სამ კვირაში დაიწყება

საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა.
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამისთვის დამახასიათებელი სწრაფი გავრცელების გათვალისწინებით, შესაძლოა, პანდემიის მეექვსე ტალღა იანვარში დაიწყოს, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში ეპიდვითარება დასტაბილურდა, პანდემიის ახალი აფეთქების საფრთხე კვლავ არსებობს.
„რომ არა „ომიკრონი“, ალბათ, შეგვეძლო პროგნოზირება, რომ საქართველოში მომდევნო სამი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდებოდა ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა… ახლა ჩვენი რეალური მოლოდინები სრულიად საპირისპიროა. ჩვენ ველოდებით, რომ სამი კვირის შემდეგ ქვეყანაში პანდემიის მეექვსე ტალღის დაწყებაა შესაძლებელი“, – განაცხადა ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედზე“.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში „ომიკრონი“ ოფიციალურად 51 ადამიანს დაუდასტურდა
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირებული 51 პაციენტია.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის“ შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 925.354 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 885.056 ადამიანი, გარდაიცვალა 13.583 პაციენტი.