თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყების საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
დღეს ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის „ჯანდაცვის სისტემების გამოწვევები - პანდემიის მართვა და რეფორმები“ პრეზენტაცია გამართა. ეს ტიკარაძის ბოლო წლიური ანგარიშია მინისტრის რანგში.
ტიკარაძის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამას სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები დაემატა.
„ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის) ლიმიტები გაიზარდა 8 ათასი ლარით. ამასთან, პროგრამას დაემატა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც მაღალი ღირებულების გამო მძიმე ტვირთად აწვა პაციენტებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ონკოლოგიური პაციენტები წლიური ლიმიტის ფარგლებში პროგრამულ მომსახურებას იღებენ უფასოდ, თანაგადახდის გარეშე.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზებს შორის ონკოლოგიური დაავადებები მეორე ადგილს იკავებს. 2020 წელს ქვეყანაში სიმსივნური დაავადების შედეგად გარდაიცვალა 8.089 ადამიანი, აქედან 4.501 კაცი და 3.588 ქალი, რაც 1994 წლიდან ყველაზე მაღალი რეგისტრირებული მაჩვენებელია.