თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik.1 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში იმყოფებოდა 9.341 ადამიანი, აქედან 338 ქალია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.
1 ნოემბრის მონაცემებით, მსჯავრდებულთა საერთო რიცხვმა ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0,25% შეადგინა.
პატიმართა ძირითადი ნაწილს 31-დან 49 წლამდე ასაკის მამაკაცები შეადგენენ. გარდა ამისა, საქართველოს ციხეებში სასჯელს 32 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ ასაკის 63 პირი იხდის.
ყველაზე მეტი პატიმარია რუსთავის №15 და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებში.
რაც შეეხება პირებს, რომლებიც განაჩენს პატიმრობაში ელოდებიან, 1 ნოემბრისთვის საქართველოში 2 ათასზე მეტი ასეთი პატიმარი იყო, აქაც ლიდერობს 31-დან 49 წლამდე ასაკობრივი კატეგორია. გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 18 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ ასაკის 11 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკის 166 პატიმარია. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
საქართველოს ციხეებში მოთავსებულია 46 ქვეყნის 563 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6%-ს შეადგენს. უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილია მამაკაცები, თუმცა ქართულ საპატიმროებში სამი არასრულწლოვანი უცხოელი და 52 უცხოელი ქალი იმყოფება.
საქართველოში უცხოელთა უმეტესობა, რომლებიც არიან ბრალდებული ან სასჯელს იხდიან, არიან თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები.
ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
ციხეებში მყოფების გარდა, 18,5 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის.
მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცებია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 898 ქალი და 71 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 254 უცხოელი, მათ შორის არიან რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის მოქალაქეები.