თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ საქართველოში იანვრის მეორე ნახევრიდან კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამი დომინანტური გახდება, თუმცა, რადგან ახალი შტამი მსუბუქად მიმდინარეობს, ის ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსს არ გამოიწვევს.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის 51 შემთხვევა არის გამოვლენილი. ქვეყანაში „ომიკრონით" ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა.
როგორც კულუმბეგოვმა განაცხადა, „ომიკრონს“ აქვს შესაძლებლობა, გახდეს პანდემიური შტამი, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყველა ქვეყანაში „ომიკრონის“ რაოდენობა 2-3 დღეში ორმაგდება.
„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის იანვრის მეორე ნახევრიდან ეს შტამი დომინანტური იქნება. სამწუხაროდ, რეინფიცირების შემთხვევებიც იქნება და ვაქცინირებული ადამიანების ნაწილიც ავად გახდება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სცენარისთვის მზად ვიყოთ. დამაიმედებელი ინფორმაცია არის ის, რომ 50-70%-მდე ნაკლებია მძიმე დაავადების, ანუ ჰოსპიტალიზაციის რისკი“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.
ექიმი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, „ომიკრონის“ შტამი პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს.
„თუ ვირუსმა შემდგომ პერიოდში რაიმე სიურპრიზი არ მოაწყო, ის იქნება ინფექცია, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ექნება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ 2022 წლის ბოლომდე, ვინც ამ შტამისგან გადარჩება, პლანეტაზე ყველას იმუნიტეტი ექნება“,- განაცხადა კულუმბეგოვმა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. შტამი სხვა ვარიანტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მომჭიდებელ ცილაში 32 მუტაცია აქვს, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა. ამ დროისათვის „ომიკრონი“ უკვე გამოვლენილია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.