თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 95-104-ე კმ (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე.
უწყების ცნობით, თოვლისა და ქარბუქის საშიშროების გამო, ამავე მონაკვეთზე, ყოველდღე 18:00-დან 10:00 საათამდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.