თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. პანდემიის მიუხედავად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი 7 ათასამდე დევნილ ოჯახს გადაეცა, ხოლო 2022-2024 წლებში კიდევ 13 ათას ოჯახს გადაეცემა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის „ჯანდაცვის სისტემების გამოწვევები - პანდემიის მართვა და რეფორმები“ წარდგენის ღონისძიება გაიმართა. ეს იყო ტიკარაძის ბოლო წლიური ანგარიში მინისტრის რანგში.
„მიუხედავად პანდემიისა, 2020-2021 წლებში დევნილი ოჯახების განსახლება არც ერთი დღით და არც ერთი მიმართულებით არ შეჩერებულა და მეტიც, კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა“, - განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, 2024 წლის ბოლოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უპრეცედენტოდ მასშტაბური განსახლების პერიოდის დასრულების შემდეგ, მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი აღარ იცხოვრებს.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ყველაზე წარმატებული შედეგის მიღწევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფამ და ასევე სხვადასხვა მიზნობრივი პროექტის დანერგვამ განაპირობა.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.