ტიკარაძე: 2021 წელს სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა

ტიკარაძის განმარტებით, გაიზარდა შრომის პირობების ინსპექტირების ინტენსიურობა, დარღვევების გამოვლენის სიხშირეც და რეაგირებაც.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. 2021 წელს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 18%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 29%-ით შემცირდა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის „ჯანდაცვის სისტემების გამოწვევები - პანდემიის მართვა და რეფორმები“ წარდგენის ღონისძიება გაიმართა. ეს იყო ტიკარაძის ბოლო წლიური ანგარიში მინისტრის რანგში.
სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მუშა ხიდიდან გადავარდა
როგორც ტიკარაძემ განაცხადა, 2020 წელს შრომის კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი – მიიღეს საქართველოს კანონი „შრომის ინსპექციის შესახებ“, რომლის საფუძველზეც 2021 წლის 1 იანვრიდან შეიქმნა შრომის ინსპექციის სამსახური.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, გაიზარდა შრომის პირობების ინსპექტირების ინტენსიურობა და სამსახურისთვის გაზრდილი მანდატი აისახა მის მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგებზე. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შემცირების მაჩვენებლები, აღნიშნა ტიკარაძემ.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, მხოლოდ 2020 წელს სამუშაო ადგილზე 39 ადამიანი გარდაიცვალა და 185 მძიმედ დაშავდა.