რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვების ნაწილი მოიხნა

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა 21 დეკემბერს, ხოლო ტრაილერებისთვის - 17 დეკემბრიდან
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ინტენსიური, უწყვეტი გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
რაც შეეხება ტრაილერებს, მათთვის ჯერჯერობით, თოვისა და ლიპყინულის გამო, გადაადგილების აკრძალვა ნარჩუნდება.
ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხის გამო საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა 21 დეკემბერს აიკრძალა. მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თოვის და ლიპყინულის გამო 17 დეკემბრიდან არის აკრძალული.
გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 23 დეკემბრამდე არ აღდგება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.