სენაკისა და ზუგდიდის საკრებულოების თავმჯომარეები კვლავ ვერ აირჩიეს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოები უფლებამოსილების შესრულებას 3 დეკემბრიდან შეუდგნენ.
Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. სენაკსა და ზუგდიდში ახლადარჩეული საკრებულოების დღეს გამართულ სხდომებზე თავმჯდომარეები ისევ ვერ აირჩიეს – სხდომები კვორუმის არარსებობის გამო კიდევ ერთხელ ჩაიშალა.
სენაკში საკრებულოს სხდომაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. სხდომა მომდევნო სამშაბათისთვის გადაიდო.
„სენაკის საკრებულოში „ქართულ ოცნებას" არ აქვს უმრავლესობა, შესაბამისად, ყველა ღონეს ხმარობს, რომ პროცესი გააჭიანუროს და შეძლოს საკრებულოს მუშაობის შეფერხება. ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ გახარიას პარტიის კანდიდატს ირაკლი კაჭარავას დავუჭიროთ მხარი", – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლაშა კუჭავამ.
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გახდა
რაც შეეხება ზუგდიდს, მუნიციპალიტეტში ადგილობრივი სათათბირო ორგანოს თავმჯდომარის არჩევის მეოთხე მცდელობაც წარუმატებლად დასრულდა. 45-წევრიან საკრებულოში არ გამოცხადდა 23 წევრი. აქ სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა გამოუცხადეს ბოიკოტი. საკრებულოს სხდომა 12 იანვრამდე გადაიდო.
ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" წარმომადგენლები სხდომების გადადებას მმართველ პარტიასა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებენ.
„ეს არის ორივე პარტიის უპასუხისმგებლობა. არცერთ პარტიას არ აინტერესებს კრიზისიდან გამოსავალი. ვიმედოვნებთ, რომ ორივე პარტია გონს მოეგება. წინა საკრებულოს სხდომაზე ჩვენ კანდიდატი მხოლოდ ერთი მოტივით წარვადგინეთ – რომ კრიზისი დაიძლიოს მუნიციპალიტეტში", – განაცხადა გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები მომდევნო სხდომაზე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებას აპირებენ.
„ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაშალა
ზუგდიდისა და სენაკის ახალი მოწვევის საკრებულოები იმ რამდენიმე საკრებულოს შორის არიან, სადაც მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი რამდენჯერმე ჩაიშალა. როგორც „ქართული ოცნება“, ისე ოპოზიცია საკუთარი კანდიდატის გაყვანას ცდილობს.
„ქართული ოცნება“ უმრავლესობით არ არის წარმოდგენილი რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოებში. ამასთან, ყველა ამ ქალაქსა და რაიონში, წალენჯიხის გარდა, მერის თანამდებობა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს უკავიათ. ჯერჯერობით ჩხოროწყუ ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომლის საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს. გუშინ გამართულ საკრებულოს სხდომაზე თანამდებობა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა შოთა წურწუმიამ დაიკავა.