მანდარინის ექსპორტი საქართველოდან იზრდება

საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღება გვიან შემოდგომაზე იწყება და 4 თვე გრძელდება.
Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან საქართველოდან განხორციელდა 31,9 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 15,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 34%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 37%-ით გაიზარდა.
2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთში (22.267 ტონა), სომხეთში (5.254 ტონა), უკრაინაში (3.138 ტონა), მოლდოვაში (443 ტონა), ყაზახეთში (281 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ყირგიზეთსა (80 ტონა) და სხვა ქვეყნებში (78 ტონა).
ვინ ყიდულობს ქართულ ხურმას და კარალიოკს
აჭარაში „ნარინჯისფერი რთვლის“ სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით შექმნილია ოპერატიული საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობას, ისე არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას. შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს.
გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა, შტაბი უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის პროცესის მიმდინარეობაში.
წელს რეგიონში 70 ათასამდე ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან, რომლის ნაწილიც ექსპორტზე გავა.