თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ჩემპიონთა ლიგაზე წყალბურთში თბილისის „დინამომ“ მე-6 ტურის მატჩი სერბულ „ნოვი ბეოგრადთან“ საშინაო კედლებში გამართა და დიდი ანგარიშით 8:17 დამარცხდა.
დეიან სტანოიევიჩის გაწვრთნილი „დინამო“ ჯგუფში აუტსაიდერის სტატუსით ასპარეზობს და აღნიშნული მარცხი მოულოდნელობა არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ სერბულმა კლუბმა ოთხივე პერიოდი მოიგო. თბილისელებმა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა „ნოვი ბეოგრადს“ მეორე მეოთხედში გაუწიეს, რომელიც „დინამომ“ 2:3 წააგო.
„დინამოს“ რიგებში ორ-ორი გოლი ვალიკო დადვანმა, ანდრია ბითაძემ და დუშან ვაშიჩმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ბელგრადელთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ქართველი წყალბურთელი ნიკა შუშიაშვილი იყო, რომელმაც სამი გოლი გაიტანა. ასევე სამი გოლი მიითვალა ბერძენმა წყალბურთელმა ანგელოს ვლახოპულოსმა.
თბილისის „დინამო“ A ჯგუფში ბოლო ადგილზეა და ჩატარებული 6 შეხვედრიდან ყველა წაგებული აქვს. მომდევნო შეხვედრას დეიან სტანოიევიჩის გუნდი 2022 წლის 11 იანვარს უნგრულ „ფერენცვაროშთან“ თბილისში გამართავს.