საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა ძვირდება

ამჟამად ულიმიტო სისტემა 90 წუთის განმავლობაში მოქმედებს და 50 თეთრი ღირს.
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. თბილისში 2022 წლის 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა 0,5-დან 1 ლარამდე ძვირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საუბარია მინიმალურ აბონემენტზე, რომელიც მეტროთი, ავტობუსებითა და ლურჯი მიკროავტობუსებით 90 წუთის განმავლობაში განუსაზღვრელი რაოდენობით გადაადგილების საშუალება იძლევა 1 ლარად. ამჟამად ულიმიტო სისტემა მოქმედებს ასევე 90 წუთის განმავლობაში, მაგრამ ის 50 თეთრი ღირს.
მერიის ინიციატივით, თებერვლიდან ამოქმედდება აბონემენტები, რომლებიც ულიმიტო მგზავრობის საშუალებას იძლევა 90 წუთიდან 1 წლამდე ვადით.
1 თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემა იცვლება
კერძოდ, ულიმიტო 90 წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი – 3 ლარი; 1-კვირიანი – 20 ლარი; 1-თვიანი – 40 ლარი; 3-თვიანი – 100 ლარი; 6-თვიანი – 150 ლარი; 1-წლიანი – 250 ლარი. ამგვარად, წლიური ბარათის მფლობელი ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობას შეუზღუდავად მთელი წლის განმავლობაში შეღავათიან ფასად, თვეში თითქმის 20 ლარად შეძლებს.
კალაძის განცხადებით, ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიური მომხმარებელი დღეში საშუალოდ ტრანსპორტის ორ სახეობას იცვლის, რაც მას თვეში დაახლოებით 50–60 ლარი უჯდება. ხოლო აბონემენტების შეძენის შემთხვევაში ისინი თვეში საშუალოდ 10–20 ლარის დაზოგვას შეძლებენ.