თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა–გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.
მუნიციპალიტეტებში საღამოობით გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.
ყველა საახალწლო ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების დაცვით გაიმართება.