პუტინის დიდი პრესკონფერენცია: პრეზიდენტმა რუსეთის ეკონომიკაზე ისაუბრა

Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პანდემიის ეპოქაში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეკონომიკურმა ვარდნამ 3% შეადგინა, თუმცა აღდგენის პროცესი სწრაფად წავიდა.

„ჩვენი ეკონომიკა, შეეჯახა რა გამოწვევებსა და იძულებით შეზღუდვებს ეკონომიკაში, მაინც უფრო მობილიზებული და შოკებისადმი მზადმყოფი აღმოჩნდა, ვიდრე მსოფლიოს ბევრი განვითარებული ეკონომიკა, „დიდი ოცეულის“ ქვეყნებიც კი“, − აღნიშნა პუტინმა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში 8%-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი. ეს პროგნოზირებულზე ბევრად მეტია, თუმცა ასევე მოსალოდნელია რეალური შემოსავლების 3,5%-ით ზრდა.
პუტინის თქმით, რუსეთის საგარეო ვალი დაახლოებით 4%-ით შემცირდა და მაჩვენებელი ყველაზე მინიმალური გახდა მსოფლიოში, ხოლო საერთაშორისო რეზერვები 595-დან 625,5 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
რუსეთის პრეზიდენტის წლევანდელი პრესკონფერენცია მოსკოვის საგამოფენო ცენტრ „მანეჟში“ ტარდება, რომელსაც ვლადიმირ პუტინი პირადად ესწრება. ღონისძიებაზე 507 ჟურნალისტია აკრედიტებული.
რუსეთის პრეზიდენტის პირველი დიდი პრესკონფერენცია 2001 წელს ჩატარდა ვლადიმირ პუტინის ინიციატივით. მას შემდეგ ის ყოველწლიურად პასუხობს რუსი და უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს პირდაპირ ეთერში. გამონაკლისი იყო 2005 წელი, როდესაც პრესკონფერენცია არ ჩატარებულა, ასევე 2009-2011 წლები, როდესაც პუტინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.