ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გახდა

Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარის არჩევა მეოთხე მცდელობაზე მოახერხა – თანამდებობა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა შოთა წურწუმიამ დაიკავა.
წურწუმიას კანდიდატურას ოპოზიციამ დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“ წევრებმა. წურწუმიამ 15-დან 14 ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.
პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებმა, რომლებიც სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ და კოლეგებს სხდომის გადადებისკენ მოუწოდებდნენ.
„ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაშალა
ჩხოროწყუს საკრებულო იმ სათათბირო ორგანოების რიცხვშია, სადაც უმრავლესობა მმართველ პარტიას არ აქვს, შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი რამდენჯერმე ჩაიშალა. როგორც „ქართული ოცნება“, ისე ოპოზიცია საკუთარი კანდიდატის გაყვანას ცდილობდა.
ჩხოროწყუს საკრებულო შედგება 27 დეპუტატისგან, მათგან 15 ოპოზიციის წარმომადგენელია (7 დეპუტატი აირჩიეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 7 – პარტიიდან „საქართველოსთვის“ და ერთი – „ლელოდან“).