თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ბრაზილიის გოიასიის შტატში პირველი ქართული მარანი Lorangi გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მარანი საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნა.
გახსნის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვევრში ღვინის დაყენების ძველ ქართულ ტრადიციას და ქვევრის ღვინო დაეგემოვნებინათ.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა და მარნების მიერ დამზადებული ქართული ღვინოები.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს, ქართული კულტურისა და ტრადიციების პატივსაცემად გაიხსნა მემორიალური კედელი საქართველოს დროშის გამოსახულებით.
საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, ბრაზილიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, აგრეთვე საქართველოთი და ქართული კულტურით დაინტერესებული პირები.