COVID-19 - ბოლო ცნობები

საქმე შეიძლება ვაქცინის მეოთხე დოზამდე მივიდეს – გამყრელიძე

მოსახლეობას შეიძლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა დასჭირდეს, რათა ახალ შტამ „ომიკრონს“ გაუმკლავდეს.
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობას რაღაც ეტაპზე შეიძლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა დასჭირდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონის“ გამოჩენასთან დაკავშირებით ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენება რამდენიმე ქვეყანამ უკვე დაიწყო.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე მეოთხე დოზის შემოტანა საჭირო გახდება. ჩვენთან მეოთხე დოზით აცრილია დაახლოებით 1.000 ადამიანი. ძირითადად ესენი არიან „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილები, რომლებიც მიემგზავრებიან იქ, სადაც ჯერჯერობით არ ცნობენ ამ ვაქცინებს. ამიტომ ამ ადამიანებს უწევთ FDA-ისა და EMA-ს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრაც“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, პირველი ქვეყანა, რომელმაც ვაქცინის მეოთხე დოზით აცრის შესახებ გამოაცხადა, ისრაელი იყო. ისრაელის შემთხვევაში საუბარია 60 წელს ზემოთ პირებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებზე.
ჯანმო: „ომიკრონი“ აცრილ და გამოჯანმრთელებულ პირებშიც ვრცელდება>>
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე აუცილებელია ბუსტერ–დოზებით ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება, რადგან საქართველოში სწრაფად ვრცელდება ახალი შტამი „ომიკრონი“. 22 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ლაბორატორიულად ამ შტამით დაინფიცირების 24 შემთხვევა გამოვლინდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში „ომიკრონ" შტამის 24 შემთხვევაა გამოვლენილი
საქართველოში ამ დროისთვის ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარა 1.264.017-მა ადამიანმა. ეს ზრდასრული მოსახლეობის 38,2%-ია. ბუსტერ–დოზა გაიკეთა 53.440-მა პირმა.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში ბოლო ორ კვირაში შედარებით დასტაბილურდა. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები დღე-ღამეში არ აჭარბებს 2–3 ათასს. შედარებით მაღალი რჩება გარდაცვალების მაჩვენებელი – დღე-ღამეში საშუალოდ 40–50 ადამიანი. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დეკემბრის დასაწყისიდან 2 დეკემბერს დაფიქსირდა – გარდაიცვალა 72 ადამიანი.
ჯანმო პანდემიით გადაღლილ მსოფლიოს აიმედებს>>
ექსპერტები უახლოეს ორ კვირაში ინფიცირების შემთხვევების ზრდას ვარაუდობენ. ამას ახალი შტამის, „ომიკრონის“ გამოჩენას უკავშირებენ – რომელიც სწრაფად ვრცელდება, მაგრამ დაავადება შედარებით მსუბუქად ვითარდება.