საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

ჯუანშერ ბურჭულაძემ და ილჰამ ალიევმა როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ ფორმატში სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივები განიხილეს.
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბაქოში
ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ განვითარებულ და სტაბილურ აზერბაიჯანს რეგიონის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ კონტექსტში მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინადადება გააცნო, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად „მშვიდობიანი სამეზობლოს“ შექმნის ინიციატივას გულისხმობს.
შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო სფეროში ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატები. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანთან თავდაცვის სფეროში დადებით დინამიკაზე და წარმატებული უწოდა თანამშრომლობის უნიკალურ ფორმატს აზერბაიჯანი–თურქეთი–საქართველო.
პრემიერის ინიციატივა: თბილისი, როგორც ბაქოსა და ერევნის მოლაპარაკებების პლატფორმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის 76–ე სესიაზე შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად „მშვიდობიანი სამეზობლოს“ შექმნის წინადადებით გამოვიდა.
საქართველო და აზერბაიჯანი სამხედრო სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ. სულ ახლახან, 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში კახეთში სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯუანშერ ბურჭულაძე, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ გასანოვი და თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი. მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ სამმხრივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
აზერბაიჯანელი სამხედროები მონაწილეობდნენ მრავალეროვნულ სამეთაურო-საშტაბო წვრთნებში ETERNITY 2021, რომელიც საქართველოში ოქტომბერში ჩატარდა.