თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 670 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი „სოფლად სახლი“ 2013 წლიდან მოქმედებს. ამ პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახი თავად ირჩევს სახლს ნებისმიერი რეგიონის სოფელში, ხოლო სახელმწიფო ამ სახლის შესაძენად გარკვეულ თანხას გამოყოფს. თანხა ოჯახის სულადობაზეა დამოკიდებული.
ამჟამად ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე 3 ათასი ლარი ემატება. მაგალითად, 7-სულიან ოჯახს დევნილთა სააგენტო სახლს 40 ათას ლარად შეუსყიდის.
გარდა ამისა, შესასყიდი სახლის შესახებ მონაცემების წარმოდგენისთვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ადრინდელი 3 თვის ნაცვლად 6-თვიანი ვადა ეძლევათ. აღარ არის საჭირო ექსპერტის დასკვნა საცხოვრებლის ღირებულების შესახებ და ა.შ.
ადმინისტრაციული დაპირების მქონე (რიგში მდგომ) დევნილებს, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ, შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, არ დაელოდონ მშენებლობების დასრულებას იმ მრავალბინიან კორპუსებში, სადაც მათ სახელმწიფო ბინას სთავაზობს. მათ შეუძლიათ თავად მოიძიონ საცხოვრებელი ბინა, რომელსაც შემდგომ სააგენტო შეუსყიდის. ამასთან კვადრატული მეტრის მაქსიმალური ღირებულება თბილისში 550 დოლარის, ხოლო რეგიონებში 470 დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენს. თანხის საერთო რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.
დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული, ეს დაახლოებით 90 ათასი ოჯახია. სახელმწიფო ეტაპობრივად გადასცემს ბინებს ოჯახებს, თუმცა ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.