იყო თუ არა სააკაშვილის მხრიდან ულტიმატუმი? „ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტებას აკეთებენ

Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით მისი მომხრეებისთვის ულტიმატუმი არ წამოუყენებია, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებთან.
გუშინ სააკაშვილის დაბადების დღეზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით უვადო მასობრივ შიმშილობას იწყებენ. აქციის დაწყებამდე ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციით კი, პარტიის ლიდერებს შიმშილობის დაწყება თავად სააკაშვილმა მოსთხოვა, რომელიც მათ დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.

„მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა და ჩვენთვის მაშინაც კი არ წამოუყენებია ულტიმატუმი და ახლა რატომ უნდა წამოეყენებინა? არ შეიძლება ტელევიზიამ ასე ურცხვად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ამტკიცოს, რომ სააკაშვილმა საკუთარ გუნდს ულტიმატური წამოუყენა და დაემუქრა“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, შიმშილობა პროტესტის რადიკალური და უკიდურესი, თუმცა, ამავე დროს მშვიდობიანი და არაძალადობრივი ფორმაა.
სააკაშვილის მხარდამჭერები ახალი წლის დადგომამდე ათი დღით ადრე მასობრივ შიმშილობას იწყებენ
„ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია, რომელიც უკიდურესად მძიმეა, აუცილებელია გადაიჭრას, რაც პოლიტიკური პროცესის თითოეული მონაწილისგან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ პროტესტი ყოფილიყო მკაცრი და ამავე დროს მშვიდობიანი“, – აღნიშნა ბარამიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან მოშიმშილეებისთვის კარვები უკვე გაშლილია. 11 კარავში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.
ამჟამად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო კურსს გადის. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მომხრეები პერმანენტულ აქციებს მართავენ.