თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიეცემა შესაძლებლობა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ მისმა წინამორბედმა გიორგი მარგველაშვილმა 20 დეკემბერს გამოთქვა სურვილი ეროვნული შერიგების ინიციატივის ფარგლებში პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს. თავის მხრივ, სააკაშვილმა მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს მზად არის შეხვედრისთვის.
„გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა დააკმაყოფილა, რადგან მედპერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას იძლევა“, - ნათქვამია განცხადებაში.
პენიტენციურ სამსახურში განმარტეს, რომ მაქსიმალურად ცდილობენ თითოეულ ბრალდებულს თუ მსჯავრდებულს შეუწყონ ხელი კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებების სრულყოფილად რეალიზებაში.
სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. მანამდე მას 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა ორ სისხლის სამართლის საქმეზე. კიდევ სამი საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ, განხილვის პროცესშია.
ამ დროისთვის მსჯავრდებული სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო კურსს გადის, სადაც გლდანის ციხის საავადმყოფოდან 50–დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს. მკურნალობის დასრულების შემდეგ მას რუსთავის ციხეში დააბრუნებენ.