1 თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემა იცვლება

Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საზოგადოებრივ ტრანსპორტში 1 თებერვლიდან სააბონემენტო ულიმიტო სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
აბონემენტების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყება და მისი შეძენა მეტროს სადგურების სალაროებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალებში იქნება შესაძლებელი.
კალაძის ინფორმაციით, სააბონემენტო პაკეტები ასეთი იქნება:
ულიმიტო 90 წუთიანი ბარათი - 1 ლარი;
ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
ულიმიტო 1-თვიანი ბარათი - 40 ლარი;
ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
ულიმიტო 1-წლიანი ბარათი - 250 ლარი.
დღეს მოქმედი წესებით, 50 თეთრის ერთჯერადად გადახდით შესაძლებელია 90 წუთის განმავლობაში ულიმიტოდ სარგებლობა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მეტრო, ავტობუსი, ლურჯი მიკროავტობუსი).
იმ სოციალური ჯგუფებისთვის კი, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, გადახდის წესი და საფასური არ იცვლება.
კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობენ:
თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები
მოსწავლეები
უბნის ინსპექტორები
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები
თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები
თბილისში რეგისტრირებული ვეტერანები
რაც შეეხება მგზავრობის შეღავათიან ტარიფებს, 20 თეთრის გადახდის უფლებით სარგებლობენ:
თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები
საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები
პენსიონერები
თბილისის საკუთრებაში არსებული პოლიკლინიკების უბნის ექიმები, რაიონების პედიატრები, ოჯახის ექიმები
მანდატურები
10-თეთრიანი მგზავრობის უფლებით სარგებლობენ:
სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული 70 ათასი და უფრო დაბალი ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.