სააკაშვილის ბიძა სასამართლოში გამოკითხვაზე არ გამოცხადდა

ადვოკატის თქმით, ალასანია ორი დღის წინ თურქეთში იმყოფებოდა, საიდანაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საქართველოში დაბრუნება ვერ მოახერხა
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია სასამართლოში თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმესთან დაკავშირებულ გამოკითხვაზე ჯანმრთელობის გაუარესების გამო არ გამოცხადდა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
საუბარია 2012 წელს მომხდარ ინციდენტზე, როდესაც, გამოძიების ვერსიით, ხელოვნურად შექმნილი სამართლებრივი პრობლემის გადაჭრისა და ხელისუფლებასთან ურთიერთობის მოგვარების სანაცვლოდ, ერთ-ერთი ბიზნესმენის კუთვნილი მილიონი დოლარის უკანონო მითვისება მოხდა.
„სწორედ, ამ საქმის გამო იყო დაბარებული თეიმურაზ ალასანია. დღევანდელ, 20 დეკემბრის სხდომაზე წესით და რიგით უნდა მომხდარიყო მისი მოწმის სტატუსით დაკითხვა. თუმცა ის სასამართლოში არ გამოცხადდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.
სააკაშვილის ბიძა სასამართლოში დაიბარეს
ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ალასანია ორი დღის წინ იმყოფებოდა თურქეთში, საიდანაც საქართველოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ მოახერხა და ამიტომაც არ გამოცხადდა სასამართლოში გამოკითხვაზე.
ბასილაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიების კითხვებს არ გაურბის და ამის დასტური იყო რამდენიმე დღის წინ სასამართლოში გამოკითხვაზე მისი მისვლა.