თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. თუ ადამიანმა სრული (ორჯერადი) ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსი მაინც გადაიტანა, ბუსტერ-დოზის გაკეთება ინფექციის გადატანიდან 30 დღის შემდეგ შეუძლია, განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, საუკეთესო იმუნიტეტი სწორედ კოვიდგადატანილ აცრილ ადამიანებს აქვთ.
„ყველაზე საუკეთესო, მანეიტრალიზებელი ძალის ანტისხეულები აქვთ იმ ადამიანებს სისხლში, ვისაც აქვს გადატანილი ინფექცია და ვაქცინა გაკეთებული, ამათ ეძახიან ე.წ. სუპერ იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, ჰიბრიდული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს. ამ შემთხვევაში, როდესაც ე.წ. „ომიკრონის“ გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ვადები უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
საქართველოში ბუსტერ-დოზების ადმინისტრირება ოქტომბრის ბოლოს დაიწყო. 7 დეკემბერს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შეამცირა.
ეპიდემიოლოგები ვაქცინის ბუსტერ, ანუ მესამე დოზის აუცილებლობას საქართველოში „ომიკრონის“ ახალი შტამის შემოსვლით ხსნიან, რომელიც წინამორბედ შტამებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება და მისგან დაცვა ვაქცინის მხოლოდ მესამე დოზას შეუძლია. საქართველოში „ომიკრონის“ პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა.
სწორედ ამის გათვალისწინებით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 7 დეკემბერს შეამცირა ვაქცინის ბუსტერ–დოზის გაკეთების ვადა ექვსიდან სამ და ხუთ თვემდე, საწყისი ვაქცინის მიხედვით.
ადამიანებმა, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინით აიცრნენ, ბუსტერ-დოზა მეორე ვაქცინის გაკეთებიდან სულ მცირე ხუთი თვის შემდეგ უნდა გაიკეთონ.
მათ, ვინც მიიღო ჩინური Sinovac და Sinopharm ვაქცინები, ბუსტერ–დოზა სამი თვის შემდეგ უნდა გაიკეთონ.
რაც შეეხებათ AstraZeneca-თი ვაქცინირებულებს, მათ შეუძლიათ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა მეორე აცრიდან ხუთი თვის შემდეგ გაიკეთონ.
21 დეკემბერის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2.399.482 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.260.157 ადამიანი – 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 43,8%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.088.111 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 37,9%. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 50.209 ადამიანს. მსოფლიოში ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ „ომიკრონისგან“ დასაცავად ვაქცინის ორი დოზა საკმარისი არ არის. ჯანმოს რეკომენდაციით, აუცილებელია მესამე, ბუსტერ–დოზის გაკეთება.