თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხის გამო საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
აკრძალვა მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე.
უწყების ცნობით, ამავე საავტომობილო გზის მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ავტომობილების მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.