თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ ქართველს, ქართული კულტურის უერთგულეს მსახურს, ბატონ ჯემალ ჭკუასელს, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილში.
ქართველი ლოტბარი პარასკევს, 17 დეკემბერს, გვიან ღამით 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას პარკინსონის დაავადება ჰქონდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იგი პარასკევს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
„ჩვენთვის ფრიად სამწუხაროა, რომ არაერთი გამორჩეული პიროვნება გამოგვაკლდა წელს და მარადიულობის წევრი გახდა. ღმერთმა აცხონოს ბატონი ჯემალის უკვდავი სული და უფლის სავანეში დაამკვიდროს, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ანსამბლ „ერისიონს“ კი – მისი ლეგენდარული ხელმძღვანელის სახელის კიდევ უფრო წარმოჩენა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ჯემალ ჭკუასელი საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. 1986-2015 წლებში იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. ამჟამად ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი მისი შვილი შერმადინ ჭკუასელია.
1997 წლიდან ჯემალ ჭკუასელი იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.
2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
2015 წლის 17 მაისს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.